კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 6-12 თებერვალი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 6-12 თებერვალი
სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ თებერვალი და სექტემბერი წლის მანძილზე ყველაზე აქტიური და დინამიკური თვეებია, როგორც მოვლენების, ისე ემოციური დატვირთულობის კუთხით. ამ მხრივ არც მიმდინარე თვე იქნება გამონაკლისი. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა წლის მანძილზე, იმიტომ რომ ზუსტად ამ თვეში მოხდება ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა - მთვარისა და მზის დაბნელება, რომელთაგან პირველს - მთვარის დაბნელებას ლომის ზოდიაქოს ნიშანში, ზუსტად მიმდინარე კვირის მიწურულს ველით. აქედან გამომდინარე, ალბათ ხვდებით, რომ ეს კვირა იოლი და მარტივი არამც და არამც არ იქნება.

უკვე ორშაბათიდან პლანეტა იუპიტერი რეტროგრადულ მოძრაობაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი რამდენიმე თვის მანძილზე (კერძოდ ივნისის დასაწყისამდე) მოიმატებს პრობლემების ალბათობა ისეთ სფეროებში როგორიცაა: იურისპრუდენცია, პოლიტიკა, სპორტული სარბიელი, საგანმანათლებლო სფერო. ამ პერიოდში რთულდება და ჯანჯლდება სასამართლო პროცესები. არ არის მიზანშეწონილი მსხვილბიუჯეტიანი საბანკო ვალდებულებების აღება საკუთარ თავზე. სასურველია გამოავლინოთ გონივრული დამოკიდებულება კოლეგების მიმართ, მით უმეტეს, თუ თქვენი სამუშაო უცხოელებს ან უცხოეთთან კონტაქტებს უკავშირდება. ნაკლებად დაგეგმეთ ხანგრძლივვადიანი მივლინებები და ზოგადად, სიფრთხილით მოეკიდეთ უცხოეთში გადაადგილების თემას. არ არის გამორიცხული, რომ უახლოესი თვეების მანძილზე გამკაცრდეს სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური ფონი და სავიზო კონტროლი, რაც თავისთავად შექმნის გარკვეულ შეზღუდვებს გადაადგილებისას.

თუმცა იუპიტერის რეტროგრადული მოძრაობა ბევრ კარგ მოვლენასაც მოიტანს, კერძოდ იმას რომ უახლოესი თვეების მანძილზე შესაძლოა წარსულში პერსპექტიულად დაწყებულ, მაგრამ რატომღაც შეჩერებულ პროექტებს ეღირსოთ განახლება. ამასთან ერთად, ეს ყველაფერი უფრო ახლებურად, გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებს გასწვდება ამჯერად. რეტროგრადული იუპიტერის პერიოდში გამორიცხული არ არის ბევრმა თქვენგანმა სწავლა განაახლოს ან უკვე ნასწავლი ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენება შესძლოს წარმატებით.

მით უმეტეს, რომ იუპიტერის რეტრო ფაზაში გადასვლას თან ერთვის აზროვნებისა და კომუნიკაციის პლანეტა მერკურის საოცრად კრეატიულ და ორიგინალურ ზოდიაქოს ნიშანში - მერწყულში გადასვლა. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში მოიმატებს მეგობრული კავშირების გაბმის სურვილი.
გაძლიერდება საქმიან სფეროში გუნდური მუშაობის მომენტი. გააქტიურდება პოლიტიკური სპექტრი ზოგადად. აქტიური პერიოდი დაიწყება იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომელთა საქმიანობაც ინტერნეტ-ტექნოლოგიებს, ზოგადად ტექნიკას, რეკლამას, პიარსა და მარკეტინგს უკავშირდება. მერკურის ტრანზიტი მერწყულში ხელს შეუწყობს გენიალური იდეების გენერირებას, ადამიანებში მოიმატებს შემოქმედებითი პოტენციალი და ერთი შეხედვით უტოპიური იდეების განხორციელების სურვილი.

9 თებერვალს მზისა და ურანის ასპექტი, დაუგეგმავი ფინანსური შეფერხებების შესახებ გვაფრთხილებს. ამიტომ სასურველია, ამ პერიოდში მზად ვიყოთ ყოველგვარი მოულოდნელობისთვის, რომელიც მატერიალურ საკითხებში წარმოიქმნება. და რაც მთავარია, გვახსოვდეს, რომ სირთულეები, რომელიც ამ დღეს თითქოსდა ჰაერიდან გაჩნდა, ასეთივე სისწრაფით და მარტივად დარეგულირდება. მით უმეტეს, რომ უკვე 10 რიცხვიდან, ვენერა-მერკურის დადებითი ასპექტი ხელს შეუწყობს ნებისმიერი სახის შეთანხმება-მოლაპარაკებას, რომელიც ფინანსებს ეხება. ეს პერიოდი ასევე ნაყოფიერი იქნება პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემების დასარეგულირებლად და ახალი, რომანტიკული ნაცნობობის გასაბმელად, რომელიც შესაძლოა სულაც სამსახურებრივ სარბიელზე აღმოცენდეს მოულოდნელად.

და კვირის მთავარი მოვლენა და კულიმინაცია, იქნება მთვარის დაბნელება ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ზოგადად დაბნელებები უზომოდ დიდ ენერგეტიკას ატარებს, ამიტომ სასურველია, მიმდინარე კვირის მანძილზე მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინოთ თემებზე, რომელიც ლომის ზოდიაქოს ნიშანს ეხება - იქნება ეს სასიყვარულო ურთიერთობები, ბავშვები, პირადი იმიჯი და პოპულარობა და ა.შ. მთვარის დაბნელება ლომის ზოდიაქოს ნიშანში, რეალურად მოგცემთ საშუალებას კარდინალური და მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოთ ნებისმიერ ზემოჩამოთვლილ სფეროში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
ასევე დაგაინტერესებთ