ქალი თხის რქა & მამაკაცი თხის რქა

ქალი თხის რქა &  მამაკაცი თხის რქა

წიგნში "მერი პოპინსი" არის ერთი თავი, სადაც პატარა ტყუპს ჯონსა და ბარბის კბილების ამოსვლისთანავე ავიწყდებათ თავიანთი მეგობარი შოშია, რომელსაც კბილების ამოჭრამდე უპრობლემოდ ესაუბრებოდნენ თავისსავე ენაზე. პამელა ტრავერსი (წიგნის ავტორი) გვარწმუნებდა, რომ პატარებს კბილების ამოსვლამდე ნებისმიერი სულიერის ენა ჩინებულად ესმით, ხოლო პირველივე კიჭის ამოჭრისას ყველაფერი ამნეზიით დაავადებულივით ავიწყდებათ. ეზოთერულადაც არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბავშვების უმეტესობას სანამ ჭეშმარიტად "დიდურ" ცხოვრებაში შედგამენ ფეხს, ინტუიციურ დონეზე ახსოვთ საკუთარი ასტრალურ-ინკარნაციული წარსული და შეგრძნება იმისა, რას ნიშნავს ფრენა. თუმცა, თხის რქები ამ მხრივ ალბათ ერთადერთი გამონაკლისები არიან. იმიტომ რომ ისინი როგორც წესი, ქვეყანას უკვე გაზრდილები და დიდური ფსიქოლოგიის მქონენი ევლინებიან. "პატარა-დიდები" ზუსტად ასე მოიხსენიებენ ხუმრობით ასტროლოგები თხის რქებს, თუმცა, ამით იმის თქმა როდი გვინდა, რომ თხის რქას არაბავშვური სერიოზულობა მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვება. სატურნი, თხის რქის მმართველი პლანეტა დროს მართავს - შესაბამისად, ადამიანებს, რომელნიც სატურნის გავლენას განიცდიან, ახასიათებთ პარადოქსული რამ - მათთვის ჟამთასვლა არ არსებობს, ამიტომ თხის რქა წლების მატებასთან ერთად კი არ ბერდება, ახალგაზრდავდება და სიჭარმაგეში გაცილებით უფრო მომხიბლავი და ლამაზია, ვიდრე ბავშვობაში.

სატურნი ნელი პლანეტაა, შესაბამისად, თხის რქებსაც აუჩქარებლობა და სიმშვიდე ახასიათებთ. სატურნისგან მათ კიდევ ერთი თვისება ერგოთ - სიმკაცრე და ემოციების ძუნწად გამოხატვის ჩვეულება . ალბათ ცოტა მოიძებნება თხის რქა, რომელსაც გარშემო მყოფებთან ენის მოჩლექით საუბარი და სიყვარულის აშკარად აფიშირება შეუძლია. ამის გამო კი ხშირად ხდებიან ისინი განკითხვის ან კრიტიკის საგანი.

გამომდინარე იქედან, რომ სატურნის ციკლი თხის რქას ასაკის მატებასთან ერთად ანიჭებს უფრო და უფრო გაახალგაზრდავების უნარს, ორი თხის რქა ერთმანეთს თუ ადრეულ ასაკში შეხვდა დიდი სიყვარულის მიუხედავადაც კი მოახერხებს ურთიერთის დათრგუნვას, საკუთარი სატურნული ბუნებით . ეს ის პერიოდია, როცა ორივე მათგანს მხრებზე ნებაყოფლობით კიდია სხვადასხვა ტიპის პასუხისმგებლობათა "გუდურა", რის გამოც ხშირად უჭირთ კონცენტრირება მთავარზე - ერთმანეთის სიყვარულზე. ზუსტად ამიტომ იშლება ხოლმე, თანაც ართუ იშვიათად თხის რქების წყვილი, რომელთაც ბედმა სტუდენტობისას არგუნა წილად ურთიერთგადაკვეთა.

სამაგიეროდ, თუკი კრიზისებს დაძლევს, ან ცოტა უფრო მოგვიანებით მოხდა მათი შეხვედრა, თხის რქების დუეტს აქვს საშუალება ერთმანეთისთვის იდეალური მეორე ნახევრის როლი შეასრულონ არამხოლოდ ორი, ხუთი ან ათი წლის არამედ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. თხის რქებს ყველაფერი დაგეგმილი და პროგნოზირებადი ურჩევნიათ, რისკს და მოულოდნელობას. ამიტომ ამგვარი წყვილი მაქსიმალური სიზუსტით დაგეგმავს და გაწერს ყველაფერს, დაწყებული ოჯახის ბიუჯეტით, დამთავრებული მოგზაურობითა და ბავშვის დაბადების პერიოდით. ამ ორმა იცის, რომ ერთმანეთს შეუძლიათ ენდონ და ისიც იციან, რომ თუკი ერთი წაიქცევა, მეორე დაუფიქრებლად შეაშველებს ხელს. მათ არ სჭირდებათ ჩვეულებრივი, ოჯახური კინკლაობა თემაზე ვინ უნდა დარეცხოს ჭურჭელი, გაიტანოს ნაგავი, მოინახულოს მოხუცი მშობლები ან მიხედოს პატარებს. თხის რქები ჰარმონიულად ინაწილებენ მოვალეობებს და ერთსულოვნად, დიდი მოთმინებით ეზიდებიან ერთობლივ ოჯახურ ჭაპანს.

სატურნის სპეციფიკიდან გამომდინარე, თხის რქების უმეტესობა ბუნებით მარტოსულია, ამიტომ ბევრ თხის რქას ორი ან მაქსიმუმ სამი უახლოესი მეგობარი თუ მოეძევება ცხოვრებაში. ისიც ან თავისივე ნიშნის წარმომადგენელი, ან მაქსიმუმ მიწის ან წყლის ნიშნის თვისებების მატარებელი ადამიანი. შესაბამისად, ორი თხის რქის ოჯახურ ცხოვრებას იშვიათად დაარღვევს ხმაურიანი წვეულებები, რომელსაც მათი სამეგობრო მოაწყობს. ეს ის წყვილია, ვისაც ღამით ჩვეულებრივ და მისაღებ დროს უკვე სძინავს, დილით კი სისხამზე მიეშურება სამუშაოდ. თხის რქები იშვიათად აკრიტიკებენ საკუთარ მეორე ნახევრებს სახალხოდ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში ყველაფერზე დუმან. უფრო პირიქით, შესაძლოა ხშირად იყონ უკმაყოფილო ერთმანეთის ან ბავშვების საქციელით.

თხის რქა თავისი ბუნებით "ბუზღუნა" უფროა, ვიდრე აყალმაყალის ამტეხი და დებოშიორი. ამასთან ერთად იგი არასოდეს, სხვების დასანახავად არ დაიწყებს საკუთარი "ბინძური თეთრეულის" ქექვას. აი, რატომაა, რომ საზოგადოებამ იშვიათად ან ძალზე მწირი დეტალები იცის ორი თხის რქის ცხოვრების შესახებ. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს აქვთ კიდევ ერთი, ძალზე დასაფასებელი თვისება - შეცდომებს სამუდამოდ "ასამარებენ", რაც იმას ნიშნავს, რომ ერთხელ ჩადენილ სისულელეს ძალზე ცოტა თხის რქა თუ გაიმეორებს ისევ და მით უმეტეს, არ გაიმეორებს მას მრავალათასჯერ.

სიჯიუტისა და პრინციპულობის წყალობით, რომელიც ამ ხალხს დიდი დოზით მოეპოვება ხასიათში, თხის რქების წყვილს ნებისმიერი პრობლემის მოგვარება და გამოსწორება შეუძლია, რაც არ უნდა დაატყდეს თავს მათ ერთობლივ ოჯახს. ისინი უფრო თანამაოზრეები, თანამშრომლები, გვერდში მდგომი ბურჯები არიან ერთმანეთისთვის, ვიდრე მარტოოდენ ცოლი და ქმარი. მართალია, ხშირ შემთხვევაში წლების მატებასთან ერთად, შესაძლოა იმის გამო, რომ ერთმანეთთან კომუნიკაციას ორი სიტყვით ახერხებენ ან სულაც უხმოდ და ვიღაცას მათი კავშირი "მარტოობა წყვილში" ეგონოს, მაგრამ თხის რქები ამას დიდად არც დაგიდევენ, იმიტომ რომ ზუსტად იციან, სიყვარული ისეთივე მარადიულია და ისევე არ ემორჩილება ჟამთასვლას, როგორც მათი ახალგაზრდული სულისკვეთება და სიჯიუტე.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?