მამაკაცი ტყუპი & ქალი ქალწული

მამაკაცი ტყუპი & ქალი ქალწული

უზრუნველი, მსუბუქი ფლირტით გაჯერებული რომანი, სადაც ორივე პარტნიორი ერთმანეთს შეყვარებული თვალებით უცქერს. დიახ, დიახ კოსმოსი ამ ორს სასიყვარულო სამოთხის ნაცვლად სთავაზობს მიწის ნაკვეთს, რომელზეც თავად უნდა შექმნან საკუთარი სამოთხე. ნუ რა თქმა უნდა, თუკი ამის მოთმინება და გონერება ეყოფა ორივეს.

ეს ორი მერკურიანული ნიშანია - შესაბამისად, კამათი მათ ურთიერთობაში საკვანძო თემა იქნება. ურთიერთობის დასაწყისიდანვე იკამათებენ ისინი იმაზე, თუ რა არის ცხოვრებაში მთავარი - ვარდები თუ ბოსტნეული. საბოლოო ჯამში ბოსტნეულის თემა გაიმარჯვებს, იმიტომ რომ, ასე გადაწყვეტს რაციონალური ქალწული. აბა, მოსალოდნელი ინფლიაციის დროს ვარდებით გამოკვებავ ოჯახს?

ჰაეროვანი მამაკაცი ტყუპი შესაძლოა ვარდების სურნელით ტკბებოდეს მაშინ, როცა მათ ოჯახს სიღარიბე ემუქრება. ისევე როგორც მშვიდად მოღიმარი ნერონი, რომელიც ხანძარწაკიდებულ რომს აუღელვებლად უცქერდა.

ტყუპისთვის ხომ ნებისმიერი მოვლენა ცხოვრებაში მხოლოდ მოვლენაა და ყველაფერს გარკვეული რიტორიკულობით ეკიდება. ეს კაცი დაბადებიდან გამოცანაა, ადამიანი რომელიც ცალ ხელში მობილურით, მეორეში კი კომპიუტერით დაიბადა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული კაცები არასოდეს იზრდებიან. ამიტომ მას შესაძლოა საკუთარი დაბადების დღე აღარ ახსოვდეს. მით უმეტეს, თუ დიდი ხანია გადააბიჯა 21 წელს. სამაგიეროდ, ქალწულს ემახსოვრება მისი არამხოლოდ დაბადების თარიღი, სავარაუდოდ დაბადების წუთებიც კი (რომელიც დედამთილთან არაერთგზის გადაამოწმა).

ეს ორი შესაძლოა თავიდან ერთმანეთის პერსონით ცნობისმოყვარეობის გამო დაინტერესდეს. ქალწულს ტყუპის ცხოვრება მოეჩვენება საინტერესოდ, ტყუპს კი თავის მხრივ მოხიბლავს ქალწულის ბასრი ჭკუა და ლაკონიური პასუხები. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ ქალწული აუცილებლად დაფიქრდება იმაზე, ღირს თუ არა ბოლომდე ენდოს ამ არაპროგნოზირებად (ხშირად საშინლად უპასუხისმგებლო) სუბიექტს. ეს "სუბიექტიც" თავის მხრივ იფიქრებს იმაზე, რომ ამ ქალის ყურადღება ცოტა მომაბეზრებელია, აზრები კი ზედმეტად "სწორხაზოვანი".

არადა, მიუხედავად თავისი ანალიტიკური აზროვნებისა და "ჩარკინაბეტონებული" მორალისა, ქალწული ქალი საკმაოდ ემოციური ნატურაა. ტყუპ კაცს კი მისთვის დამახასიათებელი ზედაპირულობისა და სიცივის გამო ხშირად გაუჭირდება ამ ქალის ბოლომდე გაგება. იგი უამრავ კითხვას დააყრის ქალწულს საიმისოდ, რომ გაიგოს რეალურად რა აწუხებს ამ უკანსკნელს, მაგრამ არასოდეს ეყოფა მოთმინება და ინტუიცია, დეტალებში ჩაიხედოს და გაიგოს რეალური მიზეზი იმისა, თუ რას განიცდის ასე ძალიან მისი საყვარელი ქალი. მიუხედავად ამისა, გამჭრიახი გონებისა და ჰაერის სისწრაფით მოხტუნავე აზრების მეშვეობით ტყუპი მაინც შეძლებს ზავის დადებას მასთან. სანამ ქალწული კიდევ ერთხელ არ გაანალიზებს მომხდარს და კიდევ ერთხელ და მერამდენედ არ იპოვის ხარვეზებს მათ ურთიერთობაში.

იმ შემთხვევაში თუ ქალწული არ განეკუთვნება საკუთარი ნიშნის ტიპურ წარმომადგენლებს, შესაძლოა მამაკაცი ტყუპის ზედაპირულობა მან გულთან ნაკლებად მიიტანოს. ტყუპთან კი თუ მას ზედმეტად სერიოზულად არ აღიქვამ გაცილებით მარტივია ურთიერთობა.

ქალწულ ქალს, როგორც პრაგმატულს და ძალზე მიწიერს სურს, რომ პარტნიორი მუდამ მასთან იყოს გულით, გონებით, აზრებით. ტყუპს კი როგორც ჰაერის ნიშანს, მიაჩნია რომ ამ ქალს ცოტა პოეტურობა არ აწყენდა. გარდა ამისა, ტყუპის "გაორებულობა" არაერთგზის ჩააგდეს ქალწულს დეპრესიაში. მუდმივი ხასიათცვალებადობა და მოთხოვნილება ეძებოს სიახლე, რომელიც ტყუპის ნიშნით დაბადებული კაცის სავიზიტო ბარათია, ქალწულს აიძულებს საკუთარ თავში ეძებოს ნაკლოვანებები. რასაც საბოლოოდ მისი თვითშეფასების გვარიანი შერყევაც კი შეუძლია. ამიტომაც ვუბრუნდებით ზემოთ თქმულ შეგონებას - ტყუპთან აჯობებს ქალწულმა ცხოვრებას მარტივად უყუროს და საკუთარი "ზედმეტად მოწესრიგებული" ბუნება ოჯახში წესრიგისა და სისუფთავის თემაზე სამუშაოდ გამოიყენოს.

სამაგიეროდ, ამ ორს შორის გასაოცარი ინტელექტუალური კავშირია და ზუსტად ამ ასპექტს შეუძლია მათი ურთიერთობა ერთობ სასიამოვნოდ გადააქციოს. მერკურიანულმა ნიშნებმა ყველაზე კარგად იციან სიტყვის ფასი - სიტყვით ხომ ადამიანის მოკვლაც შეიძლება და გაცოცხლებაც. ამიტომ ზუსტად ტყუპის ნიშნით დაბადებულ კაცს ხელეწიფება ისიც, რომ თვითკრიტიკულ ქალწულს აიძულოს საკუთარი კომპლექსების დავიწყება და იმის დაჯერება, რომ იგი მართლაც საუკეთესო და პირველია. ქალწული ქალი არაჩვეულებრივი მრჩეველი, თანამოაზრე და კომპანიონი იქნება მისთვის. ისინი არასოდეს მოიწყენენ ერთად და ყოველთვის ექნებათ სასაუბრო თემა. თუმცა, მათ ურთიერთობას შეიძლება აკლდეს ემოციები. ამ კავშირში ნაკლებად იქნება ეჭვიანობის თემაც. ტყუპი როგორც ყველაზე მოლაპარაკე ნიშანი ამასთანავე, საოცრად გულღია ინტიმურ საკითხებში, აუცილებლად დაეხმარება ქალწულს ისწავლოს პირად თემებზე ღიად საუბარი.

ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანები ძალიან ბევრს სწავლობენ ბავშვებისგან. ალბათ იმიტომ, რომ ეს ერთადერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც ბავშვობაშიც არ არის ბავშვი. ტყუპი მამაკაცი კი თავისი ბუნებით მუდმივი ბავშვია. ამიტომ ქალწულმა უნდა ისწავლოს მისგან და მიიღოს გულღიაობის, ცხოვრების მარტივად ხედვის გაკვეთილი. მართალია, ამ შემთხვევაში მას არა ერთ, არამედ ორ სხვადასხვა ტიპის "ბავშვთან" ექნება ურთიერთობა, მაგრამ გამოცდილება, რომელსაც იგი მამაკაც ტყუპთან ურთიერთობისას მიიღებს აუცილებლად დაეხმარება ქალწულს საკუთარი სულ სხვაგვარი "მეს" აღმოჩენაში. რომელიც თავის მხრივ დაეხმარება დაამარცხოს თანდაყოლილი "პერფექციონიზმი". ცხოვრება ხომ გაცილებით ლამაზია ნაკლოვანებებით!