მამაკაცი მორიელი

მამაკაცი მორიელი

უფრო პირიქით ხდება. სუსტი სქესის წარმომადგენლებს მორიელი მამაკაცი როგორც წესი, ბუზებივით იზიდავს. თავის მხრივ, ისიც იშვიათად ამბობს უარს, საკუთარ ქსელში გაბმული მსხვერპლით მოიჯეროს გული. გარეგნობით გინდაც ცნობილ კვაზიმოდოს გავდეს, ნებისმიერი მორიელი თითქოსდა ასხივებს სექსუალურ ენერგიას და ქალებზე მისი მზერა ჰიპნოზურ ზემოქმედებას ახდენს. მოდი და ნუ დაჰიპნოზდები ნახევარი საათი რომ თვალმოუშორებლად მოგაშტერდება. ამიტომ, ურიგო არ იქნებოდა, თუ ყველას არა, ზოგიერთ მორიელ მამრს მაინც, ქუჩაში ასეთ წარწერიანი მაისურით ევლო - „ფრთხილად!! მაღალი ძაბვაა“

შეიძლება იგი, ერთი შეხედვით მუდო, უხასიათო და ფლეგმა ტიპად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. აბა სცადეთ და სათანადო ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ან მისი მისამართით, ცინიკური ხუმრობა გაიმეტეთ. მერწმუნეთ, სანამ მომდევნო დღეებში თეთრი დროშის კერვით იქნებით დაკავებული, პარალელურად იმაზეც მოგიწევთ თავის მტვრევა რა, როდის და როგორ ვითარებაში აწყენინეთ, ან კი აწყენინეთ საერთოდ? პრინციპში ეს მან, თქვენზე უკეთ იცის. თქვენი მოვალეობა კი ამ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ პასუხისგებაა ჩადენილი საქციელის გამო.

დამიჯერეთ, მარსი-პლუტონის „ალმოდებულ კოქტეილს“ , ეს ერთი შეხედვით ჩუმი კაცი, ყველაზე მოულოდნელ მომენტში შემოგთავაზებთ. თუმცა რა შემოთავაზებაზე და გალანტურობაზეა საუბარი, როცა საქმე მორიელს ეხება. მორიელს, მსგავსი რამეები არც ეხერხება და არც აინტერესებს. ბარემ რევერანსების კეთებაც მოსთხოვეთ თქვენთვის. თავში კარგად ჩაიბეჭდეთ, მამაკაცმა მორიელმა ძალზე კარგად იცის ქალური ხრიკების ქრონოლოგია და ათოლოგია, ამიტომ მშვენივრად ხვდება, თვესნ მიერ მისთვის კატეგორიულად და ფეხების ბაკუნით ნათქვამი „არას“ უკან, გულმხურვალე „კი“ რომ იმალება. ცნობილ ფრაზას - „ყველაფერი ან არაფერი“, მამაკაცი მორიელი დიდ პატივს სცემს, თუმცა პრაქტიკაში მხოლოდ მის პირველ ნაწილს იყენებს, დანარჩენით კი, დაე ხელმოცარულები დაკმაყოფილდნენ.

ტიპიური წარმომადგენელი - მსახიობი ჯერარდ ბატლერი

Astrologia

ქალს, რომელიც მორიელთან რომანის გაბმით, სახიფათო ავანტურას წამოიწყებს, საკუთარ თავზე მისი არც თუ სასიამოვნო ექსპერიმენტების გამოცდაც მოუწევს. ნუ შეიქმნითი ილუზიას, იმის თაობაზე, რომ მისი მოხიბვლა და დამონება, გაცნობისთანავე იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ მის გაცნობამდე, თაყვანისმცემლების მთელი არმია დაგდევდათ უკან, მორიელის შეყვანას მათ რიგებში ნუ იჩქარებთ. ან კი ვინ შეგაყვანინებთ იქ თავს? უფრო ალბათ თქვენ მოგიხდებათ, მანდილოსნების საპატიო რიგში დადგეთ, მანამ სანამ მის გულწფრელ სიყვარულს და პატივისცემას დაიმსახურებთ. თუკი რათქმაუნდა მანამდე, ერთი ორჯერ ასათიანზეც არ ამოყავით თავი. მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს პლუტონიანელი შურისმაძიებელი, თითქმის არასოდეს ივიწყებს მისთვის მიყენებულ წყენას და იშვიათად თუ ვინმეს პატიობს, თავის დიდად პატივცემილ კუდზე ფეხის უშნოდ დაბიჯების მცდელობას. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მტრები მის გარშემო ისე მრავლდებიან, როგორც სოკოები ნაწვიმარზე, თუმცა არც საიმედო (მართალია მცირერიცხოვანი) მეგობრების ნაკლებობას განიცდიან ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები. ამ კაცს მტრობაც და მეგობრობაც „ზე-აღმატებულ“ ხარისხში შეუძლია.

მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცების სანაქებოდ უნდა ითქვას ისიც,რომ მიუხედავად თავიანთი მიმზიდველობისა, მათი უმრავლესობა იშვიათად ღალატობს ქალს, რომელიც ნამდვილად უყვარს. თუმცა აქვე ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ პლუტონის ეს „გაუცინარი შვილი“, ძალზე წინააღმდეგობრივი ბუნებისაა, ერთის მხრივ საკუთარ თავისუფლებას მაქსიმალურად უფრთხილდება და ყველასთვის საზღვრები აქვს მონიშნული, ვინიცობაა ვინმემ ზედმეტი ნაბიჯი არ გადმოდგას მისი „პირადისკენ“, მეორეს მხრივ კი საშინლად სჭირდება ადამიანი, ვისაც მძიმე წუთებში დაეყრდნობა და ვისი ერთგულების იმედიც უპირობოდ ექნება. პრინციპში, არც ორმაგი სტანდარტებია ღრიანკლებისთვის უცხო - აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგიკვირდეთ ის, რომ თუკი იგი, ადამიანებს ზოგადად სისუსტეს ვერ პატიობს, საკუთარ თავს ზუსტად იგივე სისუსტეების ქონის უფლებას „დიდსულოვნად“ აძლევს.

მმართველი პლანეტების მიერ ბოძებული, დამანგრეველი ენერგიის „გარდასხვას“ ბევრი მორიელი, ხშირად უთავბოლო სექსუალური კავშირების, ნარკოტიკის ან სასმელის საშუალებით ცდილობს. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, როგორც წესი ყველაზე ხშირად აქვთ ამ კუთხით პრობლემები, თუმცა ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ბევრ მათგანს თანდაყოლილი, პლუტონისეული ტრანსფორმაციის უნარი ეხმარება იმაში, რომ საკუთარი ცხოვრების ბორბალი, ბედისწერის საპირისპიროდ დაატრიალოს და ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოს. გაიხსენეთ ლეგენდარული ბარონი მიუნჰაუზენი, რომელმაც საკუთარი თავი თავად ამოათრია ჭაობიდან. ეს ზუსტად მორიელური თვისებაა.

მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცისთვის, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიას და სამოღვაწეო სფეროს რომელსაც აირჩევს. თუმცა ეს ის კაცი არ არის, ვინც ფიზიკურ მუშაობაზე დათანხმდება ვინმეს. სამაგიეროდ, ძლიერი ინტუიცია, შორს მჭვრეტელობა და კარგი ფინანსური ალღო ბევრ მათგანს ეხმარება იმაში რომ კარგი მეწარმე, ბიზნესმენი ან იურისტი გახდეს.