როგორ ქორწილზე ოცნებობს ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ქალი
როგორ ქორწილზე ოცნებობს ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ქალი
სუსტი სქესის წარმომადგენლები ერთმანეთისგან ბევრი თვისებით განსხვავდებიან და ეს თვისებები, დიდწილად არის დამოკიდებული მათ ზოდიაქოს ნიშანზე. მაშ ასე, როგორ უყურებენ დაოჯახების საკითხს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ქალები და კონკრეტულად როგორ საქორწინო კაბასა და ცერემონიალზე ოცნებობს თითოეული მათგანი.

ვერძი - დაბადებიდან კარიერისტი და აქტიურია. ძალიან უყვარს დამოუკიდებლობა, ამიტომ კაცი, რომელიც მის დამოუკიდებლობას შეზღუდავს, ან ამ ფაქტით დაემუქრება მაინც, მისთვის მძიმე ბორკილებთან ასოცირდება. საიმისოდ, რომ იგი თქვენს მახეში გააბათ, აუცილებელია ქორწინებამდე მაინც დაუფიქსიროთ, რომ პატივს სცემთ მის პირად თავისუფლებას და ბავშვების გაჩენის შემდეგაც არ დააძალებთ სახლში ჯდომას და დიასახლისის ფუნქციების შეთავსებას. საქორწინო კაბა ექსტრაორდინარული და გამორჩეული უნდა იყოს. უპირატესობას ანიჭებს არასტანდარტულ მოდელებს.

კურო - მისთვის ოჯახის დედობა და დიასახლისობა ორგანული და ბუნებრივი რამაა. მიუხედავად იმისა, რომ იგი კარიერასაც არანაკლები წარმატებით იკეთებს, საყვარელი მამაკაცისა და მომავალი ოჯახის ინტერესებისთვის შეუძლია, უარი თქვას აქტიურ სოციალურ ცხოვრებაზე და სანიმუშო დიასახლისის როლი ოსტატურად მოირგოს. მოსწონს სტაბილური, ჩამოყალიბებული და სოლიდური მამაკაცები. ანუ ისინი, ვისაც მიწაზე მყარად დგომის პრობლემა არ გააჩნია. საქორწინო კაბა ტრადიციული, მდიდრული ფაქტურის მქონე და რაც მთავარია, ისეთი უნდა იყოს, რომ მის ქალურ ფორმებს ხაზი მაქსიმალურად გაუსვას და გამოკვეთოს.

ტყუპი
- თავქარიანი, ცნობისმოყვარე, მრავალმხრივი და კომუნიკაბელურია. ქორწინება ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით მასში ზრდასრულ ასაკამდე შოკურ-ფსიქოზურ მდგომარეობას იწვევს. ეს იმიტომ, რომ პანიკურად ეშინია ოჯახური რუტინისა და ერთფეროვნების, რომელიც მისი აზრით, თავად ქორწინების ფაქტს მოსდევს უკან და მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდება უღელში თავის გაყოფას, თუკი მეუღლე მასავით მრავალმხრივი და საინტერესო ადამიანი აღმოჩნდება. საქორწინო კაბა მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს, რათა ხელი არ შეუშალოს ტყუპ ქალს, საქორწინო ცერემონიალისას თავისუფლად გადაადგილებასა და ცეკვა-თამაშში.

კირჩხიბი - შეიძლება ითქვას, რომ მოწოდებით დედა, დიასახლისი და ცოლია. აქედან გამომდინარე, ქორწინება მისთვის ისეთივე ბუნებრივი და აუცილებელი რამაა, როგორც დილის ყავა ან ლანჩი შესვენებისას. ოჯახის გარეშე თავს სრულფასოვან ქალად იშვიათად მიიჩნევს და თუ წვრილშვილიანი დედის როლს მაინც არჩევს კარიერა გაიკეთოს, ეს იმიტომ, რომ მის გარშემო შესაფერისი "კანდიდატურა" ჯერ არ გამოჩენილა. საქორწინო კაბას დიდი მონდომებით და პრეტენზიით არჩევს, ეს აუცილებლად უნდა იყოს მეუღლის, დედის, დეიდის, დედამთილის, მულის და სხვა დიდად პატივცემულ ნათესავებთან შეთანხმებული მოდელი, ტრადიციული გრძელი შლეიფით, ფატითა და ა.შ.

ლომი - მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდან აღმერთებს ყოველგვარი სახის ხმაურიან დღესასწაულებს და ლამაზად გაფორმებულ, პომპეზურ ცერემონიებს, უღელში შებმას იშვითად ჩქარობს. ეს იმიტომ, რომ მისთვის აუცილებელია ცხოვრებაში რაიმე სახის სტატუსს მიაღწიოს, ხოლო მარტოოდენ ვიღაცის ცოლობა და "შტამპი" პასპორტში ნამდვილად არ არის ჭეშმარიტი ძუ ლომისთვის ოცნებების ზღვარი. აქედან გამომდინარე, თუ იგი უკვე შემდგარი კარეიერის მქონე გადაწყვეტს დაქორწინდეს საყვარელ მამაკაცზე, მისი ქორწილი აუცილებლად იქნება ხელოვნების შედევრი, როგორც ქორეოგრაფიული, ისე სცენოგრაფიული თვალსაზრისით. საქორწინო კაბა კი, უძვირფასესი მასალის და ბრენდული ხარისხის.

ქალწული - მომავალი მეუღლის შერჩევის საკითხს ისე ეკიდება, როგორც მარკეტში საღი რძის პროდუქტის ყიდვის პროცედურას. ღმერთმა ნუ ქნას ვადაგასული, უხარისხო ან უგემური რომ შემოაჩეჩონ ხელში, მერე მთელი ცხოვრება უნდა დაიტანჯოს გულის რევის შეგრძნებით. აქედან გამომდინარე, თუ მას პოტენციური მეორე ნახევრის სიჯანსაღეში ეჭვი არ ეპარება, მთელი მონდომებითა და მეთოდურობით შეუდგება მომავალი საქორწინო ცერემონიალისთვის მზადებას. საკუთარი ხელით მორთავს მაგიდებს სადღესასწაულოდ, იზრუნებს სუფრის სერვირებასა და ათასგვარ წვრილმან-მსხვილმან დეტალზე. მათ შორის კაბაზეც, რომლის ხარისხსაც ნაკერების სიზუსტითა და ქსოვილის ფაქტურის ქიმიურ-ბიოლოგიური ექსპერტიზის ანალიზით გადაამოწმებს.

სასწორი - მისთვის პარტნიორული ურთიერთობების გარეშე ცხოვრება უფერული და მოსაწყენია. ამიტომ იგი ყოველთვის ცდილობს იყოს შეყვარებული, თუმცა ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებამდე ადვილად ვერასოდეს მიდის, საკუთარი მერყევი ხასიათის გამო. აქედან გამომდინარე, მისი მორიგი "ლავ-სთორის" წარმატებით დასრულების ალბათობა, მთლიანად პარტნიორის ინიციატივიანობასა და პრინციპულობაზეა დამოკიდებული. სამაგიეროდ, თუ ეს პუნქტი უმტკივნეულოდ მოგვარდა, სასწორის ნიჭი - ყველაფერში ჰარმონია და სილამაზე ეძებოს, საქორწინო ცერემონიალის დაგეგვმასა და ჰაეროვანი, მოდის უკანასკნელი ტენდენციების გათვალისწინებული კაბის არჩევაში სრულფასოვნად გამოვლინდება.

მორიელი
- მმართველი პლანეტების (მარსი-პლუტონი) მიერ ნაბოძებ მამაკაცური ხასიათის შტრიხებს, ქალი მორიელი საკუთარი მომხიბვლელობისა და მაგნეტიზმის ნიღბის უკან ოსტატურად მალავს. თუმცა, საკმარისია, ჰორიზონტზე მისთვის შესაფერისი მამაკაცი გამოჩნდეს, რომ იგი მის მოსანადირებლად "მძიმე არტილერიასაც" აქტიურად ჩართავს. ამიტომ საბოლოოდ ვინ ვის აიძულა დაქორწინება ძნელი გასარკვევი იქნება. თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, მთავარია, რომ მისით "ტოტალურად მოჯადოებული" მეორე ნახევარი აქტიურად შეუდგება საქორწინო სამზადისს, რომელიც აუცილებლად დინამიკური, ხმაურიანი და არასტანდარტული უნდა იყოს. კაბა კი რაც შეიძლება სექსუალური, ეფექტური და მდიდრული.

მშვილდოსანი - მას რომ ჰკითხოთ, ქორწინება არაფრის მომცემი და მძიმე ტვირთია, რომელსაც რატომღაც ნებაყოფლობით იკიდებენ ზურგზე ჩერჩეტი ქალები, მათ შორის თვითონ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ფაქტი ფაქტად რჩება, მშვილდოსანი ქალის ცხოვრებაში, ქორწინების ფაქტს არა ერთხელ ან ორჯერ, ხანდახან სამჯერაც კი აქვს ადგილი, თუმცა საქორწინო ცერემონიალის ორგანიზებისთვის როგორც წესი, მას დრო არასოდეს რჩება, აქედან გამომდინარე გამორიცხული არაა, საკუთარ ქორწილში საკურთხეველთან, ნაცვლად ელეგანტური მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისა, იგი სულაც კედებით გამოცხადდეს.

თხის რქა - საიმისოდ, რომ მამაკაცის მიმართ სერიოზული გრძნობა გაუჩნდეს, რამაც თავის მხრივ ქორწინებამდე უნდა მიიყვანოს საქმე, თხის რქას ამ უკანასკნელის საბანკო ანაგრიშის და კარიერულ სარბიელზე სიმყარის დამამტკიცებელი საბუთები ესაჭიროება. მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდება იგი, სითბოთი და ყურადღებით დააჯილდოვოს არამხოლოდ თავისი გულის სწორი, არამედ ამ უკანასკნელის ოჯახი და მრავალრიცხოვანი სანათესავოც. საქორწინო ცერემონიალზე კი, რომელიც ქალაქის რომელიმე ფეშენებელურ რესტორანში გაიმართება, მთელი მისი კორპორატიული ოფიციოზი უნდა იყოს წარმოდგენილი სრული შემადგენლობით. რათა სამომავლოდ, პატარძლის უზადო გემოვნებით შერჩეული კონსერვატორული სტილის მქონე, მაგრამ მდიდრული კაბით მოხიბლულმა თანამშრომლებმა, ხანგრძლივად ილაპარაკონ ამ მოვლენის შესახებ.

მერწყული - საიმისოდ, რომ ეს ქალი "საქორწინო მახეში" შეიტყუოს, საკმაოდ დიდი ფანტაზიის ნიჭი და წლობით გამყარებული მოთმინების უნარი უნდა გააჩნდეს ადამიანს. საქმე ისაა, რომ მერწყული ქალი თავისი ბუნებით ეკუთვნის ყველას, მაგრამ კონკრეტულად არავის. ამიტომ კაცს, რომელიც მესაკუთრული გრძნობებით იტანჯება სუსტი სქესის წარმომადგენლების მიმართ, მერწყული ცოლად არავითარ შემთხვევაში არ გამოადგება. სამაგიეროდ, თუკი თქვენც მასავით ექსტრაორდინალურ ჭრილში უყურებთ ცხოვრებას და ყოველთვის მზად ხართ მოულდონელი ექსპერიმენტის ჩასატარებლად, შესაძლოა ერთ დღეს თქვენი და თქვენი მერწყულის ქორწინება, ეიფელის კოშკის კენწეროზე შედგეს, პატარძალს კი "მულენ-რუჟის" მოცეკვავეების სტილის კაბა ეცმევა, რომლის შლეიფადაც, ჰაერში მოლივლივე ფერადი ბუშტები იქნება გამოყენებული.

თევზები - სათუთი, ჰაეროვანი და ნაზია. ნებისმიერ სამოსს უჩვეულო მოხდენილობით ირგებს, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, საქორწინო კაბასაც, რომელიც აუცილებლად ფაქიზი, გამჭვირვალე ქსოვილისგან უნდა იყოს შეკერილი და ასეთივე გამჭვირვალე ვუალით გაფორმებული. პრინციპში არც მამაკაცებზე "მორგების" საკითხში გააჩნია ამ ქალს არსებითი პრობლემა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ აჩერებენ ძლიერი სქესის წარმომადგენლები საკმაოდ მალე ამ ნაზ ქმნილებაზე საკუთარ არჩევანს, მას ხომ გასაოცარი უნარი გააჩნია, იდეალური ემოციური კომფორტი შეუქმნას ადამიანს, მდიდრული ქორწილისა და უზრუნველყოფილი სამომავლო ცხოვრების სანაცვლოდ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
როგორ გგონიათ, სიმშვიდე ხასიათის თანდაყოლილი თვისებაა
მამაკაცთა უმრავლესობისთვის ქალი ამოუხსნელი ფენომენია,
სხვა სიახლეები
როდის არიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ზოდიაქოს ბებიები
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრდებიან იშვიათად
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
ასევე დაგაინტერესებთ